logo
ENG



კიევში "მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების საერთაშორისო მოძრაობა" დაფუძნდა

18 ივლ 202318:01
3 წუთის საკითხავი
 
კიევში "მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების საერთაშორისო მოძრაობა" დაფუძნდა

უკრაინაში, კიევში პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, "მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების საერთაშორისო მოძრაობა" დაფუძნდა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ უკრაინელი დეპუტატები, უფლებადამცველები, მათ შორის, უკრაინის მმართველი ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარე დავით არახამიაც. ამასთან, ღონისძიებაზე იმყოფებოდა მთავარი არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიაც. მონაწილეებს დისტანციურად სიტყვით მიმართა მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ.

"დღეს კიევში დაფუძნდა "მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების საერთაშორისო მოძრაობა". სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა მეც მომეცა. მიშას და მისი პატიმრობის შესახებ უკვე ყველაფერი ნათქვამია, სალაპარაკო ახლა უფრო იმაზეა, თუ გამოსავალი რაშია. ამ მიმართულებით ჩემი ხედვა მნიშვნელოვნად უკავშირდება თურქეთის და აზერბაიჯანის პოზიციებს. საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობაში ამ ორი ქვეყნის ეფექტიანობაზე პირადად მე მაღალი წარმოდგენის ვარ, მთავარია სურვილი და მონდომება", - წერს ნიკა გვარამია Facebook-ზე. 

14 ივლისს უკრაინის უმაღლეს რადაში მხარი დაუჭირეს მიმართვის პროექტს, რომლის თანახმადაც დეპუტატები მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით შეწყალებასა და საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ. 

მიმართვის პროექტი გულისხმობს მიმართვას საქართველოს პრეზიდენტის, ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტარების, ევროპარლამენტარების, გაეროს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეისადმი. 

დოკუმენტი ასევე მოუწოდებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებს, მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები და რეზოლუციები, რათა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აუცილებლად განახორციელოს ჰუმანიტარული აქტი და შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.


close დახურვა